აი, დავუბრუნდით ყველაზე აქტუალურ თემას აკადემიური საკითხების შემდეგ. ამ პოსტში მარტო ჰიგიენაზე არ იქნება საუბარი, ცოტა ინფრასტრუქტურაზეც გადავალთ, მაგრამ სხვანაირად აუდიტორიებზე საუბარი არ გამოდის.
მაშ ასე, არის ჩვენი აუდიტორიები სისუფთავის ეტალონი? ეტალონი კი არა მიახლოებულიც არ არის იდეალთან, ჩანთა რომ დაგივარდეს აღება არ მოგინდება, მაშინვე მაღაზიაში გაიქცევი ახლის საყიდლად. ასე ერთი შეხედვით იატაკს შეიძლება არც არაფერი ჭირს, გარდა იმისა, რომ ჭრაჭუნებს და ადგილ-ადგილ პარკეტი ამოყრილია. აი, რომ ნახოთ დამლაგებლები, როგორ ალაგებენ! ჯერ, ხომ დალაგების დრო განსაზღვრული არ აქვთ, ამ საწყალ დამლაგებლებს. სამუშაო დრო დილას ეწყებათ და ასე, რომ დილას თუ სადმე გაქვს ლექცია, ნებისმიერ რევოლუციონერს რომ შეშურდება, ისეთი ბარიკადი დაგხვდება აუდიტორიასთან. პარალელურად ისმის დამლაგებლის ომახიანი ყვირილი, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ამ დროს აუდიტორიაში შესვლა, თვით ლექტორები უნდა აიტუზონ კარებთან და ელოდონ როდის “დალაგდება” აუდიტორია. დალაგებაში კი რას გულისხმობენ ახლავე მოგახსენებთ. საუკუნეების იატაკის ჯოხზე წამოცმულია, რაღაც ასევე საუკუნეებგამოვლილი ძონძი, რომელიც გაჟღენთილია მთელი კორპუსის მტვრით და არ გარეცხილა არასდროს მგონი. სავარაუდოა, რომ ეს მასა ამოვლებულია, რაღაც სითხეში, რომელიც კვალს ტოვებს, კვალი კი არის აზუზნული მტვრის გროვა და ბუღი. კიდევ კარგი აუდიტორიების დალაგებაში მხოლოდ იატაკის მოწმენდა შედის, თორემ წარმოიდგინეთ მსგავსი ტილო, რომ ფანჯრებს წაუსვან, დარეჯანის გაქონილი ფანჯრები მოგონება იქნებოდა. “გაკრიალებულ” იატაკზე შეაბიჯებ, ამ დროს კი ჭერიდან გაზულუქებული ობობა ჩამოცოცდება. ფანჯრებს გახედავ და საუკუნეების ტალახი ადევს, ხანდახან წვიმა, თუ ჩამორეცხს ხოლმე, სულ ესაა. დღის განათებებს აღარ იკითხავთ? ჯერ ხომ აუდიტორიების უმეტესობაში, კომუნისტებისგან მემკვიდრეობით მიღებული დიდი ბრები კიდია და თანაც მას შემდეგ არ გაწმენდილა. მათში რაც კი პეპელა შეფრენილა უკან ხომ ვეღარ გამოფრენილა, საკუთარი ნებით და არც არავის გაუთავისუფლებია ხაფანგისგან, სიკვდილის შემდეგაც კი. აუდიტორიაში იატაკის მეტი არაფერი არ “ლაგდება”. განსაკუთრებით ცუდ დღეშია ის აუდიტორიები, სადაც წყალი ჩამოდის, იქ შეხედვა ხომ საერთოდ არ ღირს.
როგორ გამოიყურება თსუ-ს ტიპიური აუდიტორია?
ჰა, ჰა ახალი მერხები იდგეს და დაფა ეკიდოს ახალი. ისე დგას ძველი მერხები, ფანჯრები, ნათურები და თაროები მტვრით დაფარულია, იატაკი ჭრაჭუნა და ზუნზლიანი, ორმოებით. მთელ ამ ხლამთან ერთად ხშირად ახალთახალ პროექტორსაც გადააწყდებით, რომელიც შეგეცოდებათ, რადგან სულ მალე ისიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება. უი, კიდევ დაგვავიწყდა ათასი უაზრო რკინის კონსტრუქცია და გარეგაყვანილობების ჯარი, დაბზარული ჭერი და კედლები. დაბზარულ ჭერსა და კედლებს კიდევ გაუძლებდა კაცი, ოდნავ მაინც რომ ცდილობდნენ აუდიტორიების დასუფთავებას. საშინელებაა მტვრის სუნიან აუდიტორიაში ჯდომა, თან როცა იქიდან გამოსული სულ თეთრი ხარ, ან ხელები რაღაც წებოვანი მასით გაქვს დაფარული. ამას ემატება საღეჭი რეზინების მთები მერხებზე. დამლაგებლები არ ალაგებენ არ ალაგებენ, მაგრამ თქვენ მაინც რა გჭირთ?! იმას, მაინც ვერ დაუკარგავ უნივესიტიტეტის დასუფთავების სამსახურს (თუ არსებობს მსგავსი), რომ თითო დერეფანში მინიმუმ ორი ურნა დგას და განსაკუთრებით ბედნიერ შემთხვევებში აუდიტორიაშიც მოიძებნება ერთი.
Read the rest of this entry »
