ეს კი ამონარიდი თსუ-ს წესდებიდან, სტუდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
თავი VI
სტუდენტი
მუხლი 54. უნივერსიტეტში სტუდენტად მიღება
1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტი მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
მუხლი 55. სტუდენტის უფლებები
1. უნივერსიტეტის სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მეცნიერულ კვლევაში;
გ) უნივერსიტეტის შინაგანაწესითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;
ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში;
ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
თ) საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
ი) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;
კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;
ლ) პერიოდულად მოახდინოს უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;
ნ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს არასასურველი საგამოცდო შედეგები.
2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის
აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
მუხლი 56. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება და შინაგანაწესი.
მუხლი 57. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტი შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით.
მუხლი 58. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) მონაწილეობას იღებს სტუდენტის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვაში.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
5. უნივერსიტეტის ბიუჯეტში სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის განსაზღვრული ასიგნება არ უნდა იყოს უნივერსიტეტის საკუთარი შემოსავლების 1%-ზე ნაკლები.
მუხლი 59. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით.







